ქარENG

ქრონოლოგია

ისტორია

იდეიდან, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა, დღევანდელ რეაბილიტაციამდე.

  1. 1961–1980

    მშენებლობა

    ენგურჰესის მშენებლობის 17 წელი უამრავი სირთულით, დაძაბული შრომითა და, რა თქმა უნდა, საინტერესო მიღწევებით იყო დატვირთული. ამ ყველაფრის შედეგად კი, 1978 წლის 5 ნოემბერს, პირველი ჰიდროაგრეგატი ამუშავდა. ორი დღის შემდეგ, 7 ნოემბერს, საწარმო ერთიან ქსელში ჩაერთო და ენგურჰესმა ელექტროენერგიის პირველი კილოვატ-საათი გამოიმუშავა. დღეისათვის ენგურჰესი არსებობის 45 წელს ითვლის და მისი ისტორია იწყება იდეით, რომლის რეალიზაციასაც რამდენიმე ათეული წელი დასჭირდა.

    მდინარე ენგურის ენერგეტიკული პოტენციალის ათვისებაზე ფიქრი ჯერ კიდევ ჰიდროენერგეტიკის გარიჟრაჟზე, მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ნიკო ნიკოლაძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ მიმართულებით მუშაობდა. მან მოიწვია სპეციალისტები, რომელთაც პროექტი შეადგინეს. თუმცა ეს იდეა მშენებლობის ბიუჯეტის მოცულობისა და პირველი მსოფლიო ომის გამო, ვერ განხორციელდა. მდინარე ენგურის ჰიდროპოტენციალის ათვისების მიზნით, რამდენიმე პროექტი შემუშავდა - 30-იან, 40-იან და 50-იან წლებში. საბოლოოდ კი, 1961 წლიდან დაიწყო მშენებლობა იმ პროექტით, რომლის მიხედვითაც დღეს ენგურჰესი არის აგებული.

    ენგურჰესის მშენებლობა კარგა ხანს გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც საწარმო ექსპლუატაციაში შევიდა. ეს კი პასუხისმგებლობასა და დასახული ამოცანის სირთულეს აორმაგებდა. 3 აგრეგატი 1978 წლის ბოლოს გაეშვა, მეოთხე - 1979 წელს, მეხუთე კი - 1980 წელს. თუმცა ენგურჰესის მშენებლობა კიდევ 7-8 წელიწადს გაგრძელდა და რეალურად, 80-იანი წლების ბოლოს დასრულდა. უფრო მეტიც, კაშხალზე ცალკეული სამუშაოები რეაბილიტაციის პროექტითაც კი გაგრძელდა. 1980 წლისთვის თაღოვანი კაშხლის დაახლოებით 60%-ი იყო აშენებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ენგურჰესის მიწისქვეშა სადგური მუშაობდა, კაშხლის დაბეტონება კი ისევ გრძელდებოდა.

    დღეს უკვე ყველა თანხმდება, რომ ენგურჰესის მშენებლობა ქართული ინჟინერიისა და ტექნიკური აზროვნების ისტორიაში ძალიან თამამი განაცხადი იყო. იდეის სირთულიდან გამომდინარე და ამ მიმართულებით არსებული მწირი გამოცდილების გამო, სპეციალისტთა ნაწილი სკეპტიკურად იყო განწყობილი. თუმცა ფრთხილობდნენ ოპტიმისტებიც, რადგან მათ მშენებლობის მასშტაბურობა და რელიეფის სირთულე აფრთხობდა.

    აღსანიშნავია, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში, ლაჯანურჰესის შემდეგ, ენგურჰესი პირველი თაღოვანი კაშხალი იყო. შესაბამისად, ამ მიმართულებით გამოცდილება არ არსებობდა. სწორედ ამან განაპირობა უცხოელი სპეციალისტების ჩართვის აუცილებლობა. გარდა ამისა, არ არსებობდა ისეთი საბჭოური ტექნიკა, რომლითაც ადგილზე არსებული ქანები გაიბურღებოდა. ამიტომაც იყენებდნენ შვედურ და ფინურ აღჭურვილობას, თავად დაპროექტებაზე კი იტალიელები და ფრანგები მუშაობდნენ.

    მიუხედავად ზემოთ ხსენებული სირთულეებისა, დღეს უკვე ენგურჰესი მსოფლიო დონის ნაგებობაა. ჰიდროელექტროსადგურის ობიექტები წალენჯიხისა და გალის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზეა განლაგებული. კერძოდ, კაშხალი, წყალსაცავი და 15,5-კილომეტრიანი სადაწნეო გვირაბის 10-კილომეტრიანი მონაკვეთი წალენჯიხაში მდებარეობს, ხოლო გვირაბის დარჩენილი ნაწილი - 5,5-კილომეტრიანი მონაკვეთი, ძალოვანი კვანძი, მიწისქვეშა სადგური, ჰიდროაგრეგატები, ტრანსფორმატორები, ღია გამანაწილებელი მოწყობილობა და წყალგამყვანი გვირაბი გალის რაიონის ტერიტორიაზეა.

    აფხაზეთში მდებარეობს ვარდნილჰესების კასკადი თავისი დღეღამური რეგულირების წყალსაცავით, ჰიდროელექტროსადგურის შენობითა და 26 კმ-იან არხით. ამჟამად ვარდნილჰესი II-ის, ვარდნილჰესი III-ისა და ვარდნილჰესი IV-ის ძირითადი და დამხმარე ელექტრომოწყობილობები გაძარცული და მწყობრიდან გამოსულია. ვარდნილჰესი - I კი, ადგილობრივ სპეციალისტთა თავდადების წყალობით, მუშა მდგომარეობაში შენარჩუნდა. აღსანიშნავია, რომ უკვე 1972 წელს, ვარდნილჰესი I-ის პირველი აგრეგატი საექსპლუატაციოდ გადაეცა. პარალელურად მიმდინარეობდა ვარდნილჰესი II-ის, ვარდნილჰესი III-ისა და ვარდნილჰესი IV-ის მშენებლობა. სამივე მათგანი ვარდნილჰესი I-დან 5,5 კმ-ის, 10,1 კმ-ისა და 14,9 კმ-ის დაშორებით, წყალგამტარ არხზე განლაგდა.

  2. 1980–

    ექსპლუატაცია

    ენგურჰესის მშენებლობის რთულ, მაგრამ საინტერესო პროცესს მოჰყვა ექსპლუატაციის პერიოდი, რომელიც მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა როგორც ამბობენ, არანაკლებ საინტერესო იყო იმ სირთულეების დაძლევა, რაც ექსპლუატაციას თან ახლდა. კერძოდ, ეს ეხება 80-იან წლებს, როდესაც ექსპლუატაციის პარალელურად, მშენებლობა გრძელდებოდა. შექმნილ სიტუაციაში პერსონალს გენერატორებისა და სხვა ძირითადი ელექტრომოწყობილობების მართვა, ფაქტობრივად, ფორს-მაჟორულ სიტუაციაში უწევდა. ეს კი ძალიან დიდ ადამიანურ რესურსს, ენთუზიაზმს, შემართებასა და, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმს მოითხოვდა. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაცია, როგორიც ენგურჰესია, უდიდესი მნიშვნელობისაა როგორც თავად საწარმოსთვის, ისე - მთელი სახელმწიფოსთვის.

    მშენებლობისა და ექსპლუატაციის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობის სირთულის გარდა, ენგურჰესისთვის მარტივი არც 90-იანი წლები ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ, მას ნამდვილად არ გაუმართლა. უპირველეს ყოვლისა, ამაში იგულისხმება აფხაზეთის ომი, რის შედეგადაც საწარმო ორად გაიყო. როგორც ცნობილია, ენგურჰესის ძალოვანი კვანძი - გენერატორები და ტურბინები, რომლებითაც ელექტროენერგია გამომუშავდება, გალის რაიონშია განლაგებული, წყალსაცავის სათავე ნაგებობა, თაღოვანი კაშხალი და 15 - კილომეტრიანი სადერივაციო გვირაბის ნაწილი კი - წალენჯიხის რაიონში. როდესაც აფხაზეთის ომის დროს ქართულ სამხედრო შენაერთებსა და აფხაზეთის ქართულენოვან მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებამ მოუწია, აფხაზეთი მასობრივად დაიცალა. ბუნებრივია, ენგურჰესის პერსონალის ნაწილი შეეცადა, თავისი ოჯახი სამშვიდობოს გაეყვანა. ამ დროს ენგურჰესის დირექტორი იყო გიორგი მიქავა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, სადგური არ დაეტოვებინა. ეს იყო დაახლოებით 29 სექტემბრის შუადღე, უკვე 30 სექტემბერს კი სადგურში მხოლოდ 10-მდე ადამიანი იყო დარჩენილი. სწორედ მათი დამსახურებით, სადგური არ გაჩერებულა.

    შექმნილ რთულ ვითარებაში მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ენგურჰესის სტრატეგიული მნიშვნელობა აფხაზებსაც ძალიან კარგად ჰქონდათ გააზრებული. სწორედ ამას მოწმობს ის, რომ გალის რაიონის დასახლება საბერიოში ენგურჰესის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად ჩავიდა სპეციალური დელეგაცია აფხაზეთის ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელის, ხუტა ჯინჯოლიას მეთაურობით. აფხაზები ენგურჰესის პერსონალს დაჰპირდნენ, რომ მათ არავინ და არაფერი შეეხებოდათ და შეეძლოთ, სხვებიც დაებრუნებინათ. როგორც თანამშრომლები იხსენებენ, მათ სადგურის ტერიტორიაზე არავინ შეხებია, მაგრამ გარეთ არსებული სიტუაცია უსაფრთხო ნამდვილად არ იყო.

    ფაქტობრივად, იგივე სიტუაცია იყო ვარდნილჰესში. 1992 წლის სექტემბრის ბოლოს განვითარებული მოვლენების შედეგად, სადგური საექსპლუატაციო პერსონალისგან დაიცალა. აქ რამდენიმე დღის განმავლობაში ერთადერთი ადამიანი იყო დარჩენილი და ეს გახლდათ შოთა სანაძე, საწარმოს მოქმედი დირექტორი. აფხაზეთში განვითარებული ცნობილი მოვლენების ფონზე, ვარდნილჰესი II, ვარდნილჰესი III და ვარდნილჰესი IV გაიძარცვა. სამივე სადგური ომამდე ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა, დღეს კი დარჩენილია მხოლოდ შენობა და არხი, სადაც წყალი გადის.

    პოლიტიკური სიტუაციის პარალელურად, 90-იანი წლები საქართველოს ენერგოსისტემისთვის არც სხვა მიმართულებით იყო მარტივი - მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი შეზღუდვები, ნახევრად ჩაბნელებული დედაქალაქი და უფრო რთულ სიტუაციაში მყოფი რეგიონები. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ენგურჰესს ეკისრებოდა. 1990-იან წლებში არსებული საწვავის დეფიციტის გამო, ამ პერიოდმა, ძირითადად, ჰესებზე გადაიარა, ჰესების გამომუშავების 50-60%-ი კი ენგურჰესზე მოდიოდა. გარდა ამისა, მაშინ ტარიფი იმდენად დაბალი იყო, რომ ელექტროენერგიის ამ ფასად მიწოდება ერთგვარი სოციალური დახმარებაც კი გახლდათ. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა ენგურჰესი, საქართველოს ეკონომიკის განვითარება საერთოდ ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა.

    ამ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის პირდაპირპროპორციული იყო ექსპლუატაციის პროცესის სირთულეც, რომელიც 90-იან წლებს ახლდა. ამის მიზეზი იყო ერთგვარი იზოლაცია. ის კავშირები, რომლებიც მოწყობილობებისა თუ სათადარიგო ნაწილების მომწოდებლებთან არსებობდა, გაწყდა. ამდენად, 1993-დან 2002 წლამდე ექსპლუატაციის პროცესი ძალიან რთულად მიდიოდა. გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასური იმდენად მინიმალური იყო, რომ პერსონალი ანაზღაურებას რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ იღებდა. თუმცა 1997 წელს, ენგურჰესის რეაბილიტაციის მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადაიდგა და პირველი გრანტი შვეიცარიის მთავრობამ გამოჰყო. სწორედ ამით დაიწყო ენგურჰესის ახალი სიცოცხლე - რეაბილიტაცია.

  3. 2000–

    რეაბილიტაცია

    ნებისმიერი ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა 20-25 წელიწადში კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. ენგურჰესის ნაგებობებს კი, მათი სირთულიდან და პარამეტრებიდან გამომდინარე, შეკეთება 10-15 წელიწადში ერთხელ სჭირდება. რაც შეეხება აგრეგატებსა და ტრანსფორმატორებს, ამ შემთხვევაში კაპიტალური რემონტის ვადები კიდევ უფრო ნაკლებია. იმ რეალობაში, რომელშიც აღმოჩნდა ენგურჰესი, 20 წლის განმავლობაში სრულფასოვანი მასშტაბური მომსახურების ჩატარება ვერ ხერხდებოდა. ამიტომაც 1990-იანი წლების ბოლოსთვის, საწარმოს უმეტესი ტექნიკური შემადგენლობა კაპიტალურ რემონტს საჭიროებდა. თუმცა იმ დროისთვის არსებული სერიოზული ეკონომიკური პრობლემების გამო, ბიუჯეტიდან დაფინანსება წარმოუდგენელი იყო. არა და, წლების განმავლობაში, იმის ნაცვლად, რომ საწარმოში გეგმური კაპიტალური რემონტი ჩატარებულიყო, მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც კი ვერ ხერხდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ის მცირე თუ დიდი დანადგარი, რომლებიც შეცვლას ან გარემონტებას საჭიროებდა, ვერც იცვლებოდა და ვერც რემონტდებოდა.

    რა თქმა უნდა, ენგურჰესის შენარჩუნება იმ მდგომარეობაში, რომ მას შესძლებოდა თუნდაც მინიმალური ელექტროენერგიის გამომუშავება, არის სწორედ იმ ტექნიკური პერსონალის დამსახურება, რომელიც ყველა სახის სარემონტო სამუშაოს მხოლოდ საკუთარი ძალებით ახერხებდა. მიუხედავად იმისა, რომ 1990-იან წლებში საწარმო მინიმალურად აუცილებელ თანხებსაც კი ვერ იღებდა და შესაბამისად, ვერც სათადარიგო ნაწილების შეძენა ხერხდებოდა, აგრეგატები მუშაობდა და ენგურჰესი სასიცოცხლოდ აუცილებელ ელექტროენერგიას აწვდიდა ქვეყანას. თუმცა როგორც ნაგებობების, ისე - მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. სწორედ ამიტომ, 2000-იანი წლების დასაწყისიდან მივედით იმ ეტაპამდე, რომ ენგურჰესი, პრაქტიკულად, სულს ღაფავდა და გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა.

    ამ მიმართულებით ობიექტის შესწავლა 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო. იმ დროისთვის, ფაქტობრივად, ხუთიდან ერთი აგრეგატი აღარ არსებობდა. კერძოდ, მესამე აგრეგატის ადგილზე ცარიელი ორმო იყო დარჩენილი. ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის ფართომასშტაბიანი პროექტი 1998-2001 წლებში შემუშავდა. საქართველოს მთავრობისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით კი, ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2003-2014 წლებში განხორციელდა.

    რას გულისხმობს ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი?

    თუ ტექნიკურ მოწყობილობებს შესაბამისი მიმდინარე და კაპიტალური რემონტი დროულად არ ჩაუტარდა, ის ავტომატურად გადადის ისეთ ტექნიკურ მდგომარეობაში, რომ მას სჭირდება არა კაპიტალური რემონტი, არამედ - უფრო მასშტაბური პროცედურა, რომელსაც ჰქვია რეაბილიტაცია ანუ აღდგენა. ასე მოხდა მესამე აგრეგატის შემთხვევაშიც. შესაბამისად, დაიწყო რეაბილიტაციის პროექტი, რადგან ეს უკვე კაპიტალურ ან სხვა სახის სამუშაოდ ვეღარ ჩაითვლებოდა. ამდენად, რეაბილიტაციის პროექტმა მოიცვა სასწრაფო და გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ ელექტროენერგიის გამომუშავებასთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, ეს ეხებოდა აგრეგატებს, ტრანსფორმატორებს, ტურბინებს და ა.შ. ეს იყო საჭირო იმისთვის, რომ ენგურჰესი რაც შეიძლება სწრაფად, მეტ-ნაკლებად გამომუშავების შესაძლებლობის რეჟიმში ჩამდგარიყო.

    პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, რეაბილიტაცია თავიდანვე 15-20- წლიან პერიოდს მოიცავდა. მსგავსი სამუშაოების ერთდროულად ჩატარება თეორიულადაც კი შეუძლებელი იყო. ამიტომაც ის ეტაპებად უნდა გაწერილიყო და ასეც მოხდა. პირველი ეტაპი 2003-დან 2009 წლამდე გაგრძელდა. სწორედ ამ დროს სამი აგრეგატის რეაბილიტაცია მოხდა, დანარჩენ ელექტრომოწყობილობებს კი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. გარდა ამისა, 2006 წელს, ენგურჰესის კაშხლისა და სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციასთან ერთად, სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. შესაბამისად, 2015 წელს რეაბილიტაციის სამი ფაზა დასრულდა, მეოთხე ეტაპი კი 2016 წელს დაიწყო და გარკვეული სამუშაოები 2020-2021 წლებშიც დაემატა. ამ ყველაფრის შედეგად მივიღეთ ის, რომ ენგურჰესი და „ვარდნილჰესი I“ დღეს სავსებით გამართულად მუშაობს.

    როდის დასრულდება ენგურჰესის რეაბილიტაცია?

    ენგურჰესის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზის ფინალური ეტაპი მოიცავს სამუშაოებს, რომლებიც 2024-2027 წლებში უნდა შესრულდეს. ტექნიკური უსაფრთხოებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დაგეგმილ პროცესში გადამწყვეტი არის ტექნიკური სტაბილურობა, სეისმური მდგრადობის უზრუნველყოფა და სადერივაციო გვირაბის სამუშაოების დასრულება. გარდა ამისა, ეს არის იმ დაგროვილი კაპიტალური სამუშაოების აუცილებლობა, რომელიც ენგურჰესს სჭირდება. ეს ეხება რიგი ელექტრო და ჰიდრომექანიკური მოწყობილობის შეცვლას, ადაპტაციას, მოდერნიზაციას და ა.შ. აქვე გათვალისწინებულია გზების მოწყობა, რაც კაშხლის ექსპლუატაციისა და მონიტორინგის უსაფრთხო წარმოებისთვის არის აუცილებელი. გეგმის მიხედვით, რეაბილიტაციის მეხუთე ფაზა 2026-2027 წლებში უნდა დასრულდეს. თუ ყველაფერი განრიგის მიხედვით წარიმართა, უახლოესი 15-20 წელიწადი ენგურჰესს კაპიტალური რემონტი აღარ უნდა დასჭირდეს. ამდენად, რეაბილიტაციის მეოთხე საფეხურის ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, ენგურჰესი მიმდინარე რემონტების რეჟიმში გადავა, რაც მისი ბუნებრივი მდგომარეობა იქნება.